Tuesday, December 25, 2012

გრემი

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

                                                                   არქიტექტურა

  გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.


 ლინკი იხილეთ;   http://ka.wikipedia.org/wiki/გრემი



                                                   ალავერდის საკათედრო ტაძარი
 ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

                                                               ისტორია
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

                                                             არქიტექტურა
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.

ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.

               
                                                     დღევანდელი მდგომარეობა

2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც XIII საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე წყალი ჩადგა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წყლით დაიფარა ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტიანდა და დაობდა კედლები. სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია. ასევე, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება.[1]
                                       
ლინკი იხილეთ;  http://ka.wikipedia.org/wiki/ალავერდი   


                                               დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა

                                                           კედლის მხატვრობა

კედლის მხატვრობა, კედელზე მიმაგრებულ ტილოზე ან ქაღალდზე, ანდა უშუალოდ ბათქაშზე საღებავით დახატული სურათები და ორნამენტები. კედლის მხატვრობა შეიძლება შესრულდეს ფრესკის, წებოვანი ფერწერის, ტემპერის, ცვილოვანი ფერწერის, ზეთის ფერწერის ტექნიკის საშუალებით. XIX საუკუნიდან გავრცელდა აგრეთვე სილიკატური ფერწერა. ზოგჯერ კედლის მხატვრობას პირობითად მიაკუთვნებენ მოზაიკას.

საქართველოში კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება ქსნის არმაზის ეკლესიის კანკელის (864) და თელოვნის ტაძრის (VIII-IX სს.) მოხატულობის ფრაგმენტები, დოდოს მონასტრის (დავითგარეჯა) ეკლესიის აფსიდში და მთავარანგელოზების გამოსახულება (IX ს.). IX-X საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს მაცხოვრის ეკლესიის აფსიდის მოხატულობა სვანეთის სოფ. ნესგუნში. კედლის მხატვრობის განვითარების შემდეგი ეტაპი მოიცავს X საუკუნის დასასრული - XII საუკუნეების შუა წლები. X-XI საუკუნეების მიჯნაზე ადრეული პერიოდის ლაკონიური დეკორი, რომელიც მხოლოდ ტაძრის მთავარ ნაწილებს გამოყოფდა, შეიცვალა ვრცელი მოხატულობით. კედლის მხატვრობა სიუჟეტურადაც გამდიდრდა - ტრადიციულის გარდა, ხშირად ქტიტორთა და ადგილობრივი წმინდანთა გამოსახულებები. ამ პერიოდიდან კედლის მხატვრობის რამდენიმე რეგიონალური სკოლაა ცნობილი. X-Xი საუკუნეებში ტაო-კლარკეთში შეიძმნა კედლის მხატვრობის ნიმუში. ამათგან აღსანიშნავია ოთხთა ეკლესიის (X საუკუნის დასასრული), ოშკის (1036), იშხნის, ხახულის, ტბეთის (ყველა XI საუკუნის დასასწისი) და სხვა მოხატულობა. ამავე სკოლის ოსტატთა მიერ უნდა იყოს შესრულებული კუმურდოს და მანგლისის (XI საუკუნის 10-20-იანი წლები) კედლის მხატვრობა კახეთში კედლის მხატვრობის სკოლა დავითგარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ამ სკოლის კედლის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები (XI ს.). კედლის მხატვრობის თავისებური სკოლები ჩამოყალიბდა აგრეთვე სვანეთსა და რაჭაში.


 ლინკი იხილეთ;   http://ka.wikipedia.org/wiki/კედლის_მხატვრობა

No comments:

Post a Comment